ვიდრე კეზერაშვილია „ნაცმოძრაობის“ მთავარი დონორი და ის იღებს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამია კი არა, ვინც გინდა, მოვიდეს, შეუძლებელია, რამე შეიცვალოს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ეყოლება პოლიტიკური ძალა, რომლის კომპრომეტირება მარტივად შეუძლია და რომელთა დასაცავადაც ხალხი ქუჩაში არასდროს გამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას პარტიის თავმჯდომარეობის საკითხზე სასაუბროდ გაემგზავრნენ.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობის“ ამ თვალსაზრისით გაგრძელება „ქართული ოცნების“ ავტომატურ გაძლიერებას ნიშნავს.
ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დავით კეზერაშვილთან შესახვედრად ჩასვლა ემსახურება „ქართული ოცნების“ მმართველობის გაძლიერებას.
„კონკრეტულად რაზე ისაუბრებენ იქ, ვერ გეტყვით, მაგრამ „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე კეზერაშვილი ვერ იშოვიდა და ვერ გაამრავლებდა იმ თანხას, რომლითაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსდება და რომელიც ევროპელი პენსიონრების ყვლეფითაა მოპოვებული“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.