ლიდერებო, უნდა წახვიდეთ ისრაელში, დადექით იმ ხალხის გვერდით, ვინც ტერორისტული აქტების სამიზნეა – ზელენსკი

რამშტაინის ფორმატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ თუ როგორ გავაძევოთ რუსეთი ჩვენი მშობლიური მიწიდან და ამით შეწყდეს ომი. ჩვენ ომში ვართ და ძალიან კარგად გვესმის ისრაელის მდგომარეობის სიმძიმე, ვიცით რას ნიშნავს ტერორისტული აქტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება.

„ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო იქნება ლიდერებისთვის შემდეგი – უნდა წახვიდეთ ისრაელში. მე ძალიან კარგად მახსოვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეები, რაც ტერორისტული აქტებით დაიწყო ბელარუსიდან. იმ უმძიმეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ვყოფილიყავით მარტო. ეს გვეხმარება და დაგვეხმარა გადარჩენაში, ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაში. ლიდერებო, უნდა წახვიდეთ ისრაელში, დადექით იმ ხალხის გვერდით, ვინც ტერორისტული აქტების სამიზნეა. ხალხი კვდება და ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა. უფრო ძლიერი ხარ, როდესაც არ ხარ მარტო. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აგრესორს იფიქროს მესამე მსოფლიო ომზე, აგრესიის ახალ ტალღაზე, ახალ დიდ ტრაგედიებზე, ამიტომ უნდა წახვიდეთ, თუ რა თქმა უნდა, ისრაელის მხარეც მზადაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.