სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინადადება საქართველოს მოლაპარაკებების პლატფორმად გამოყენების შესახებ.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოები არსებობს, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, რაც შეიძლება, განმარტებულ იქნას, რომ აზერბაიჯანს, შესაძლოა, შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს.
„გრანადაში შედგა შეხვედრა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრინციპები ჩვენი და ევროკავშირის პერსპექტივიდან ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა. ახლა გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთმა მიიღო ეს და, სხვათა,შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს შეიძლება განიმარტოს ჩვენ მიერ, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს, გააუქმოს უკვე შეთანხმებული პრინციპები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ძლიერდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანი რეალურად აპირებს ახალ ესკალაციას.
„ჩვენ არ ვართ საუბრის წინააღმდეგი, მაგრამ წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გაგვიყვანს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.