აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, რომ „ფრთხილად მოეკიდოს“ რეგიონში თავის ქმედებებს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
ამავე ცნობით, ებრაული თემის ლიდერებთან შეხვედრის დროს ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ისრაელს.
„აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას აძლევს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ შორის საბრძოლო მასალას და ჩამჭრელებს „რკინის გუმბათის“ შესავსებად. ჩვენ გადავიყვანეთ აშშ-ის ავიამზიდი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავს ამ რეგიონში. ჩვენ ნათლად ვუთხარით ირანელებს, რომ ფრთხილად იყვნენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თავის ადმინისტრაციასთან ერთად გადაარჩენს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ უდანაშაულო ხალხს.
„ბევრი რამეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ბევრს ვაკეთებთ. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ამ ხალხს სახლში დავაბრუნებ“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.