ეგვიპტის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ეგვიპტემ ისრაელი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
როგორც ეგვიპტის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, მისმა დაზვერვის სამსახურმა მოულოდნელ თავდასხმამდე ისრაელელი კოლეგები გააფრთხილა, რომ „ჰამასი“ „რაღაც დიდს“ გეგმავდა.
ოფიციალური პირის თქმით, უცნობია, გაიგო თუ არა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაფრთხილების შესახებ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.