ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ სამხრეთ კორეის სანაპიროსთან მისულ ამერიკულ ავიამზიდზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ კორეის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის სტრატეგიულ ბირთვულ საშუალებების ათავსებს და ამით შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ზრდის. ფხენიანი ამას სამხედრო პროვოკაციას უწოდებს, რასაც „შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს“.
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში იძლევა, თუ მის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმა განხორციელდა ან ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება ეჭვგარეშეა.
„ჩვენ განვახორციელებთ დარტყმებს აშშ-ის ძალებზე, ასევე ბოროტების ბაზებზე კორეის ნახევარკუნძულზე და მის შემოგარენში“, – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში.
ფხენიანის ეს განცხადებები სამხრეთ კორეის პუსანის პორტში აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი და მძლავრი ავიამზიდის „რონალდ რეიგანის“ მისვლის შემდეგ გაისმა. აშშ სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი ბირთვული საფრთხის საპასუხოდ.