აშშ-ის და კატარის ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე ირანს 6 მლრდ დოლარზე წვდომას არ მისცემენ, რისი განბლოკვა ცოტა ხნის წინ მოხდა. მიზეზი – ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ ირანი რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ აფინანსებს და მის „ბოევიკებს“ ამზადებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის კონგრესს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ადევალე ადეიემომ მიაწოდა. ჩინოვნიკმა დაარწმუნა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები, რომ ეს თანხები უახლოეს მომავალში არსად არ წავა.
მანამდე ირანის კუთვნილი თანხები ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კატარის საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა. ამის სანაცვლოდ კი თეირანმა აშშ-ის 5 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.
„ჰამასის “მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური შეტევის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ მოუწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ეს 6 მლრდ დოლარი კვლავ გაყინოს.