პარიზში პალესტინის მომხრეთა აქცია ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს

საფრანგეთის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პალესტინის მხარდამჭერი აქციების ახალი აკრძალვის წინააღმდეგ. პოლიციამ და ჟანდარმერიამ ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შესახებ CNN წერს.

მანამდე, 12 ოქტომბერს დილით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ შეშფოთების მოტივით, პალესტინის მხარდამჭერი აქციების აკრძალვა გამოაცხადა, რასაც საღამოს პალესტინის მხარდამჭერი ფრანგების პროტესტი მოჰყვა.

„პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები უნდა აიკრძალოს, რადგან ისინი, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გამოიწვევს“, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ მსგავსი საპროტესტო აქციის ნებისმიერი ორგანიზება დაპატიმრებებს გამოიწვევდა.

დარმანინმა პოლიციას მოუწოდა დაიცვან ყველა ადგილი, რომელსაც ფრანგი ებრაელები სტუმრობენ: სინაგოგები, სკოლები. ასევე თქვა, რომ ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საფრანგეთის მიწაზე ანტისემიტიზმს ჩაიდენს, „დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნება“.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ჰამასმა მასიურად შეუტია ისრაელს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300 ადამიანს აჭარბებს, ღაზას სექტორში კი 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.