ენტონ ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონ ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაიზალ ალ საუდს შეხვდა.

როგორც შეხვედრისას ენტნი ბლინკენმა განაცხადა, არც ერთი ქვეყანა არ მოითმენდა და არ უნდა მოითმინოს ის, რაც ისრაელმა განიცადა „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმით.

„ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს. „ჰამასი“ ტერორისტული დაჯგუფებაა. მისი ერთადერთი დღის წესრიგი არის ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელების დახოცვა. მნივნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ ეს ასე დაინახოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელი ახორციელებს თავის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას საკუთარი ხალხი და ცდილობს, უზრუნველყოს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს. ამავე დროს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვა.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ ღაზაში უსაფრთხო ზონების შექმნაზე, დერეფნების შექმნაზე, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც ამას საჭიროებენ. არცერთ ჩვენგანს არ სურს რომელიმე მხარეს მოქალაქეების ტანჯვის ხილვა, იქნება ეს ისრაელში, ღაზაში, თუ სადმე სხვაგან. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასაცავად“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს, რათა კონფლიქტი არ გავრცელდეს სხვა ადგილებსა და სხვა ფრონტებზე.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ ყველამ დაგმოს სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა ნებისმიერი ფორმით.

„ახლა პრიორიტეტია, რომ შეწყდეს მოქალაქეების ტანჯვა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწრაფი გზა დეესკალაციისთვის, მშვიდობის აღდგენისთვის, ცეცხლის შეწყვეტისთვის და შემდგომ ერთად ვიმუშაოთ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. უნდა აღვნიშნო, რომ ჰუმანიტარული მდგმარეობა ღაზაში ძალიან რთულია და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ ჰუმანიტარული დახმარების დაშვება. ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის და ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით“, – განაცხადა ალ-საუდმა.