ბელგიაში გარდაცვლილი 1970-იანი წლების ქართველი ჯაზ-მომღერალი საქართველოში გადმოასვენეს

ბელგიიდან საქართველოში დღეს  1970-იანი წლების ქართველი ჯაზ-მომღერალი ინგა ფერაძე ჩამოასვენეს. ინგა ფერაძე 76 წლის ასაკში 8 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა.

ინგა 21 წლის განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა. იშვიათად ახერხებდა თბილისში კონცერტების გამართვას. უსაზღვროდ შეყვარებული იყო თავის ქალაქზე და ყველა სიმღერას თბილისს უძღვნიდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ინგა ფერაძე უსახსრობის გამო საქართველოში ვერ ჩამოდიოდა. ის ბრიუსელში სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. არაერთხელ მიმართა საზოგადოებას დახმარებისთვის – მას სამშობლოში დაბრუნება სურდა. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

ინგა ფერაძეს დაასვენებენ დამკრძალავ ბიუროში (უნივერსიტეტის ქუჩა 6). სამშაბათს, 17 ოქტომბერს ფილარმონიაში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი და 3 საათზე იქნება გასვენება. საზოგადოების თხოვნის შესაბამისად ინგა ფერაძეს დაკრძალავენ მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ბელგიიდან საქართველოში ინგა ფერაძის გადმოსვენება და მისი დაკრძალვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და თბილისის მერიამ უზრუნველყო.

ინგა ფერაძე ოთხი წლის განმავლობაში ანსამბლ „დიელოს“ უცვლელი წევრი იყო. 1970-იან წლებში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი ქალი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 80-იან წლებში კი ძირითადად ქალაქურ სიმღერებს მღეროდა.