ირანის ელჩმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართა

ირანის ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს, შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ირანელმა დიპლომატმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიტზადის გამოსვლა გააკრიტიკა, სადაც ისრაელელმა დიპლომატმა ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც სჯერა ისრაელს, საქართველოს, აშშ-ს და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს.

მაჰმუდ ადიბმა ამას ირანის მიმართ უსაფუძვლო ბრალდება უწოდა და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს მის განცხადებას.

„სამართლიანობისა და დიპლომატიის სულისკვეთებით, მე ოფიციალურად მოვითხოვე შალვა პაპუაშვილისგან თანაბარი შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის მიმართვისთვის.
აუცილებელია განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ.

კატეგორიულად ვგმობ საქართველოს პარლამენტში სიონისტური რეჟიმის ელჩის უსაფუძვლო ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“, – დაწერა ირანის ელჩმა საქართველოში.

საქართველოს პარლამენტს ირანის ელჩის მოთხოვნაზე, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ 12 ოქტომბერს მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს ტერორიზმთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ისრაელთან ძლიერი პარტნიორობისადმი.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა ჩაერიოს ისრაელის ჰამასთან ომში, თუ ღაზას სექტორის დაბომბვა არ შეჩერდება.