ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ პოზიციებს დაარტყა

ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ისრაელმა სოფელ შტულასა და ისრაელის არმიის სამხრეთ პოსტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ, ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ პოზიციებს დაარტყა. პარალელურად, ისრაელმა ლიბანის საზღვართან ბუფერული ზონა შექმნა. იქ სატანკო შემადგენლობა განალაგა და საზღვრიდან 4-კილომეტრიანი ზონა სამოქალაქო პირებისთვის ჩაკეტა.

„მე ვურჩევ „ჰეზბოლას“, ძალიან დიდი ყურადღებით ადევნოს თვალი, თუ რა ხდება „ჰამასთან“ დაკავშირებით. მათ სიფრთხილე მართებთ, რადგანაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ ისრაელის სახელმწიფო“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, პიტერ ლერნერმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.