სათაურში გამოთქმული შეკითხვა რიტორიკულია. ქვემოთ ყოველგვარი კომენტარის გარეშე წარმოგიდგენთ ორ საყურადღებო ინფორმაციას, რომლიდანაც ერთი ამა წლის 23 თებერვლით არის დათარიღებული, ხოლო მეორე – 11 ოქტომბრით. შესაბამისად, პირველი ინფორმაცია მაშინ გაჟღერდა, როდესაც ისრაელი თავს ლაღად გრძნობდა, მეორე კი მაშინ, როდესაც მას შოკისმომგვრელი დარტყმა მიაყენა ორგანიზაცია “ჰამასმა”.
23 თებერვალი, 2023 წ.: ისრაელი ეხმარება კიევს ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავებაში სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად, სამედიცინო დახმარებას უწევს, მათ შორის, ახორციელებს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობას, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე.
„ისრაელი აგრძელებს მხარდაჭერას და აფართოებს კიდეც მას, ხელს უწყობს ჯანდაცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის პროექტებს მთელს უკრაინაში, ასევე ეხმარება ადრეული გაფრთხილების ჭკვიანი სისტემის შემუშავებაში, რათა გადაარჩინოს უკრაინელთა სიცოცხლე სარაკეტო თავდასხმებისგან“, – განაცხადა ერდანმა.
მისი თქმით, ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ასობით უკრაინელი პაციენტი მკურნალობს.
„დახმარებას ვუწევთ კიბოთი დაავადებული ბავშვებით დაწყებული, დაჭრილი ჯარისკაცებით დამთავრებული, რომლებიც იღებენ საუკეთესო უზრუნველყოფას პროთეზირების სფეროში“, – დასძინა მან. მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ გახსნეს სამხედრო ჰოსპიტალი უკრაინის ტერიტორიაზე ისრაელელმა სპეციალისტებმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თებერვალში აღნიშნა, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას დაჰპირდა მას უკრაინისადმი მხარდაჭერის გაფართოებას და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობას, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ოდნავ ადრე, იანვარში, განაცხადა, რომ ისრაელი განიხილავს უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემის – “რკინის გუმბათის” მიწოდებას. ამასთან, ისრაელი ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისგან.
11 ოქტომბერი, 2023 წ.: ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა მოშე არბელმა გასცა ბრძანება, აიკრძალოს ჰამასის დაჭრილი ბოევიკების მკურნალობა ქვეყნის საჯარო საავადმყოფოებში. ამის შესახებ იტყობინება ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, The Jerusalem Post.
ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების პირველივე დღიდან ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები საჭირო დახმარებას უწევდნენ ჰამასის მებრძოლებს, მაგრამ ამან სირთულეები შეუქმნა ისრაელის ჯანდაცვის სისტემას.
”ამ რთულ დროში ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს ორიენტირებული კონფლიქტის მსხვერპლთა მკურნალობაზე,” – განაცხადა მინისტრმა.
არბელი მიიჩნევს, რომ პალესტინელი ბოევიკების რეაბილიტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში საზიანოა ასეთი მიზნებისთვის.
გარდა ამისა, მან მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს ჯანდაცვის სფეროსა და სისტემაში ჩართულ სხვა უწყებებს.