სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283 900 000 აშშ დოლარი (751 000 000 ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.7%-ით (103 300 000 აშშ დოლარით) ნაკლებია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში 59 470 000 აშშ დოლარით რუსეთი ლიდერობს, რაც ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 20.95% შეადგენს. შემდეგ ადგილზეა იტალია 43 290 000 აშშ დოლარით და ამერიკა 41 250 000 აშშ დოლარით.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28 900 000 აშშ დოლარი (76 500 00 ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის (32 000 000 აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.

დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სების ვებგვერდზე: nbg.gov.ge/statistics/interactive