არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას – ეს არის თქვენი სახე

მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას. ეს არის თქვენი სახე, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში დიპლომატიური ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულება გააძლიერა, ოპოზიციამ კი ამ ყველაფერს ბრძოლებით უპასუხა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ე.წ. „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ მომავალს და ასევე, ქვეყნის მეგობრებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რადიკალური ოპოზიციის რეაქციები. რადიკალურმა ოპოზიციამ ალბათ, მოულოდნელი არ იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ამ ყველაფერს ბრძოლებით უპასუხა. ოღონდ ისინი საქართველოს მოწინააღმდეგე, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს და მტრებს კი არ ებრძვიან, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და ამის მტკიცებულებები გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ „ფარას“ კანონზე დაყრდნობით, როდესაც ფულს იხდიან კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს საზიანოდ, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის მტკიცებულებიც ვნახეთ, როდესაც პირდაპირ განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მწვანე შუქი და მხარდაჭერა. მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში, პირდაპირ არასტუმართამასპინძლობით შეეგებნენ, არა მადლობა გამოხატეს პირდაპირი მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. ცდილობდნენ, რომ მისთვის ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ. დაერქმიათ, ანუ ყველაფერი ის, რასაც თვითონ აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სხვას დააბრალეს ისევ და ისევ. ნუ, რა უნდა ითქვას. 1984-ში ხართ, ანუ, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას. ეს არის თქვენი სახე,“ – განაცხადა თალაკვაძემ.