გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

რეზოლუციის პროექტს მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს.

რეზოლუციის მისაღებად საჭიროა სულ მცირე 9 ხმა და 5 მუდმივი წევრის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანხმობა.

რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებდა მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარულ დახმარებას და გაჭირვებაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას. ტექსტი გმობდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას და ყველა ტერორისტულ აქტს, მაგრამ არ ასახელებდა „ჰამასს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს“, – განაცხადა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.