ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 125 მილიონ ლარს ხარჯავს სახელმწიფო, რათა ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 125 მილიონ ლარს ხარჯავს სახელმწიფო იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული. ამას გარდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაში. დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისისთვის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. არ ვამბობ, რომ ეს არის დიდი დახმარება, მაგრამ ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი. ამით მთავრობა კი არ ამაყობს, ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა დაიწყო წუთიერი დუმილით. პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალოვანი უწყებიების ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.