ჯასტინ ტრუდო: აუცილებელია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომსაც კი თავისი წესები აქვს

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ტრუდოს თქმით, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო იმ მძიმე სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელშიც 2,3-მილიონიანი ანკლავია მოქცეული. მისივე განცხადებით, კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ „ომსაც კი თავისი წესები აქვს“.

„ტერორიზმი ყოველთვის გაუმართლებელია, ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტებს… „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.