ბაიდენმა იორდანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი დაგეგმილი მოგზაურობა იორდანიაში, იორდანიის მეფე აბდულა II-სთან კონსულტაციის შემდეგ გააუქმა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იორდანიამ გააუქმა სამიტი, რომელსაც ბაიდენი უნდა დასწრებოდა ამანში და შეხვედროდა ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს, რათა განეხილათ სიტუაცია ღაზაში.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ღაზას საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამიტი აღარ ჩატარდება. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა საჰაერო თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში გლოვის დღეები გამოაცხადა.