პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილს ვინც ჯაშუშს და აგენტს უწოდებდა, დღეს ისინი არ უჭერენ მხარს მის გადაყენებას, რითაც ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი ჩანს.
კობახიძის თქმით, თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილმა მთელი საარჩევნო კამპანია არასწორი მიმართულებით წარმართა, რითაც „ქართულ ოცნებას“ პრობლემა შეუქმნა.
„ჩვენ ამ თემაში საერთოდ არ შევდივართ. გვაინტერესებს პასუხი სალომე ზურაბიშვილისგან. მან თქვა კონკრეტულად, ჩვენ პრინციპულად არ შევდივართ ამ თემებში. თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილს აქვს ნათქვამი, სააკაშვილიც კი არ თქვა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ მისგან გვაინტერესებს პასუხი, ასევე, გვაინტერესებს „ნაცმოძრაობისგან“ პასუხი, რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ სწორედ მათ დაიწყეს ომი. ჩვენ ამ თემაში არ შევდივართ, ჩვენ არაფერს ვამბობთ, არც ვამტკიცებთ, უბრალოდ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება ამ საკითხთან.
ამაზე ვისაუბრე სხდომათა დარბაზში. იყო გარკვეული მომენტი, როდესაც შეუძლებელი იყო ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა. როცა უკვე ეს ყველაფერი მოხდა, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მხარდაჭერის თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა. მან რეალურად, მთელი კამპანია წარმართა არასწორი მიმართულებით, რითაც შეგვიქმნა პრობლემა, ეს იყო სამწუხარო რეალობა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ვინც ამ განცხადების გამო მას ჯაშუშს და აგენტს უწოდებდა, დღეს ისინი არ უჭერენ მხარს მის გადაყენებას. ჯაშუში ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება. შეიძლება, სხვა სტატუსი შეიცვალოს, მაგრამ აგენტი და ჯაშუში არის ის სტატუსი, რომელიც არ იცვლება. როდესაც მას უწოდებდი აგენტს და ახლა მხარს არ უჭერ მის გადაყენებას, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.