Newsweek: აშშ-სა და ისრაელის დაზვერვებში მიიჩნევენ, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად არა რამდენიმე ასეული, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა

აშშ-სა და ისრაელის დაზვერვებში მიიჩნევენ, რომ ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად „მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი“ დაიღუპა. ამის შესახებ Newsweek-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„რამდენადაც ვიცით, საავადმყოფოზე დარტყმა ისრაელს არ განუხორციელებია. გამოსახულებები დამატებით ამტკიცებს, რომ რაკეტა ღაზიდან იყო გაშვებული და საავადმყოფოს გვერდით ჩამოვარდა და არა საავადმყოფოზე“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის უწყების თანამშრომელმა.

მეორე წყარომ – ამერიკელმა ოფიცერმა, რომელიც ამ თემაზე მუშაობს აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არც ამერიკული, არც ისრაელის მხარისთვის არის ცნობილი.

„როგორც ჩვენი, ასევე ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ ეს „ჰამასის“ მხრიდან გაზვიადების კიდევ ერთი მაგალითია“, – განაცხადა მან.

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 471 ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.