პალესტინის მხარდამჭერი 100-მდე მომიტინგე ვაშინგტონში კონგრესის შენობაში შეიჭრა და მის დატოვებაზე უარს აცხადებდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. აქცია მოაწყო ორგანიზაციამ „ებრაელების ხმა მშვიდობისთვის“. მისი მონაწილეები საკუთარ თავს „ანტისიონისტ ებრაელებს“ უწოდებენ. მათ მაისურებს ეწერათ „ებრაელები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ“.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. სამ დაკავებულს ბრალი წაუყენეს პოლიციელზე თავდასხმისთვის.
პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 16 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ღაზას სექტორის ერთ-ერთ საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა. პალესტინელები დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რაკეტა თავად პალესტინელებმა გაუშვეს და ის ტექნიკური პრობლემების გამო ღაზას სექტორში ჩავარდა. ისრაელის ამ მოსაზრებას დამოუკიდებელი ექსპერტებიც ადასტურებენ.