ბერინგის ზღვაში ტემპერატურის მატების გამო 10 მლრდ-მდე კრაბი დაიღუპა. ეს ამ რეგიონში მთელი პოპულაციის 90%-ს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
კვლევის თანახმად, კრაბებისთვის იდეალური პირობების გამო 2018 წელს მათმა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია. სწორედ იმ წელს დაიწყო პრობლემები. კრაბებს საცხოვრებლად ცივი წყალი სჭირდებათ, ხოლო ყინული წინა წლებში არსებული ფართობის მხოლოდ 4%-ს ფარავდა. შესაბამისად, კრაბებისთვის აუცილებელი ცივი წყლის სათანადო ფართობი აღარ არსებობდა.
თბილ წყალში ცხოვრებისას კრაბებს 4 -ჯერ მეტი კალორია სჭირდებათ, რასაც ისინი ვერ იკმაყოფილებდნენ. 2018 წელს აწონილი კრაბები იგივე ზომის დროს ნაკლებს იწონიდნენ – ანუ ისინი შიმშილობდნენ.
გარდა ამისა, ბერინგის ზღვაში ტემპერატურის მატების გამო იქ წყნარი ოკეანის ვირთევზამ შეაღწია, რომელმაც გადარჩენილი კრაბების ნაწილი შეჭამა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მობინადრეებზე დიდ გავლენას ახდენს.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტარქტიდაში, ბელინგჰაუზენის ზღვაში ყინულის დნობის გამო, 5-დან 4 კოლონიაში, სავარაუდოდ, პინგვინის ვერცერთი ბარტყი ვერ გადარჩა.