ლავროვის თქმით, ქართული მხარე 3+3 ფორმატს შეუერთდება

„საქართველოს ხელისუფლება 3+3 ფორმატს შეუერთდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეირანში განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ამ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ჩვენ გვესმის ის მიზეზები, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულის“ ფორმატს ამ ეტაპზე არ უერთდება. დადებითად ვაფასებთ იმ მოსაზრებას, რომ მომავალში თბილისი ამას შესაძლებლად მიიჩნევს. ყველა ქმედებაში საქართველოს ხელისუფლება ძირეული ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 3+3 ფორმატი ახლო მომავალში სრულყოფილად ამოქმედდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის საბოლოო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფორმატი საქართველოსთვის ღიაა და თბილისს მასში თანაბარუფლებიანი მონაწილეობა შეუძლია.