რუსეთის ფედერაცია ლადოგის ტბაზე საზღვაო ბაზას აშენებს ფინეთისა და შვედეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად – უკრაინული მედია

რუსეთის ხელისუფლება ახალი საზღვაო ბაზის შექმნას გეგმავს. ლადოგის ტბა შეიძლება იყოს პოტენციური ადგილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული გამოცემა „ იზვესტია“-ზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისწავლა ლადოგის ტბაზე მცირე სარაკეტო გემების გამოყენების შესაძლებლობები.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, დადგინდა, რომ მცირე ზომის სარაკეტო ხომალდებს შეუძლიათ ეფექტური მოქმედება ლადოგის ტბაზე. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იქიდან რუსულ გემებს შეუძლიათ ფინეთის კონტროლი.

„ეს არის სრულიად ჯანსაღი სამხედრო-ტექნიკური პასუხი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე. ლადოგის ტბა საკმაოდ დიდია. დიდი სამამულო ომის დროს იქ ლადოგას ფლოტილა მოქმედებდა, ომის შემდეგ კი სხვადასხვა ძალები განლაგდნენ.  გარდა ამისა, ეს ტერიტორია ალიანსის დაზვერვისთვის არც ისე კარგად არის ცნობილი, როგორც ბალტიის ბაზები“, – ამბობს რუსი სამხედრო ისტორიკოსი დმიტრო ბოლტენკოვი.

რაც შეეხება Buyan-M ხომალდს, ეს არის კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდავი.

„თავიდან ისინი შექმნილი იყო რუსეთის საზღვაო ეკონომიკური ზონის დასაცავად. თუმცა, მათი ფუნქციონირება მოგვიანებით გადაიხედა“, – წერს გამოცემა.