შალვა პაპუაშვილი – მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა, ასეთი ფორმატები საგარეო ურთიერთობების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა

შეხვედრები გვქონდა ქვეყნებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ და კენჭისყრების დროს არ იმყოფებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ცდილობენ, ეს ქვეყნები დაარწმუნონ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემა და რეზოლუციებში ამაზე ხაზგასმა.

„მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა შესაძლებლობას იძლევა, შეხვედრები გაიმართოს ისეთ კოლეგებთან, რომლებთანაც, შეიძლება, გეოგრაფიულად წვდომა მარტივი არ იყოს, მათ შორისაა ის ქვეყნები, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირადი კონტაქტების ქონა რთულია. ასეთი ფორმატები პირადი კონტაქტების დამყარების, საგარეო ურთიერთობების, მიზნებისა და ამოცანების წინ წაწევის კარგი შესაძლებლობაა. განსაკუთრებით ეს ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში მხარდაჭერას. წელს გაერო-ში რეკორდული მხარდაჭერა გვქონდა, რაც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. სწორედ ასეთი ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა გავზარდოთ. ასამბლეაში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი დეპუტატი, 50 პარლამენტის თავმჯდომარე, 130 ქვეყნის დელეგაცია. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტია წარმოდგენილი და ეს ყველასთან პირადი გასაუბრების შესაძლებლობას გვაძლევს. შეხვედრები გვქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მხარს უჭერენ ხოლმე გაერო-ში საქართველოს თაობაზე რეზოლუციებს, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც მხარდაჭერისგან თავს იკავებენ და კენჭისყრების დროს არ იმყოფებიან. სწორედ ამ საუბრებით ვცდილობთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემა და რეზოლუციებში ამაზე ხაზგასმა, რადგან ეს ეხება ყველას, მათ შორის საქართველოს. დღეს თუ საქართველოს ეხება, ხვალ შეიძლება, მათივე ქვეყანას შეეხოს. ყველა ქვეყანა ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია საერთაშორისო სამართალი. ამ თვალსაზრისით, ჩვენს კოლეგებთან გვაქვს საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.