„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე: თუ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ეს მათი უპრეცედენტო მარცხით დასრულდება

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-არური აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა. როგორც მან „ჰეზბოლას“ კუთვნილ ტელეკომპანია al-Manar-თან ინტერვიუში აღნიშნა, „ჰამასის“ ლიდერებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ „ჰეზბოლასთან“.

ალ-არურიმ ასევე განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრამდე, ის „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას შეხვდა.

„ჩვენი ბრძოლა ასევე „ჰეზბოლას“ ბრძოლაა. ჩვენ ერთი მიზანი და ერთი ბედი გვაქვს. თუ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ეს მათი უპრეცედენტო მარცხით დასრულდება“, – აცხადებს ალ-არური.

მან ასევე ისაუბრა „ჰამასის“ მიერ გატაცებულ მძევლებზე და აღნიშნა, რომ უცხოელები „სტუმრები“ არიან, ხოლო ისრაელის მოქალაქეებს „ჰამასი“ ისრაელში დაკავებულ საკუთარ წევრებზე გაცვლის.