„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას მოითხოვენ.

ამის შესახებ განცხადებას მძევლების ოჯახები აქვეყნებენ.

ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის ფონზე, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ომის კაბინეტის სხვა წევრებთან შეხვედრას მოითხოვენ.

„გასული ღამე ყველაზე ცუდი იყო. ეს დაუსრულებელი ღამე იყო, ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და გატაცებულთა ბედთან დაკავშირებით არსებული სრული გაურკვევლობის ფონზე“, – ნათქვამია გატაცებულთა ოჯახების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც The times of Israel ავრცელებს.

„ოჯახებს ახლობლების ბედი აწუხებთ და ახსნა-განმარტებას ელოდებიან. ისინი იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ ომის კაბინეტის წევრებიდან არავინ არ იწუხებს თავს, რათა გატაცებულთა ოჯახებს აუხსნან, უქმნის თუ არა საფრთხეს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში დაკავებული 229 მძევლის უსაფრთხოებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.