ნეთანიაჰუმ ომის მეორე ეტაპის დაწყება გამოაცხადა და ამავე დროს აღნიშნა: “ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ”

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა ომის მეორე ეტაპის დაწყება, რომლის მიზანი იქნება ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება და მძევლების გათავისუფლება.

„წუხელ ჩვენმა სახმელეთო ძალებმა გაიარეს ღაზას კარიბჭე და შევიდნენ ბოროტების ბუნაგში. ეს არის ომი მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით – განადგურდეს ჰამასის ძალაუფლებისა და დაბრუნებულ იქნან მძევლები“, – ციტირებს მის სიტყვებს რუსული სააგენტო TACC.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებულმა მასობრივმა საჰაერო თავდასხმებმა ჰამასს “მძიმე დარტყმა” მიაყენა. ”თუმცა, ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ”, – ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ღაზას სექტორში ომი რთული და ხანგრძლივი იქნება.

ამავე დროს, ნეთანიაჰუმ დადასტურებით ვერ თქვა, მონაწილეობდა თუ არა ირანი 7 ოქტომბერს რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში, მაგრამ აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჯგუფის ერთ-ერთი დამფინანსებელია.

ნეთანიაჰუმ დაბეჯითებით განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის მიუხედავად, კონტაქტები შენარჩუნდება ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების მიზნით.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოსეპ ბორელმა მანამდე მოითხოვა ახლო აღმოსავლეთში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განხორციელდეს ღაზას სექტორში.