დაღესტნის მეთაური: რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები უცხოეთს აქვს

„დაღესტნის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები უცხოეთიდან, მათ შორის პროუკრაინულ ძალებსაც უკავშირდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა განუცხადა.

„დაღესტანში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები, მათ შორის ეთნიკური სიძულვილისა და რელიგიათაშორის პრობლემების გაღვივებას, ჩვენი მტრები და ქვეყნის მოწინააღმდეგეები, აკრძალული მეთოდებით ახორციელებენ“, – აცხადებს მელიკოვი.

ამასთან, მისივე თქმით, მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.

მელიკოვმა აეროპორტში არეულობას ცინიზმი და ღალატი უწოდა.

„მინდა აქ ცინიზმზე და ღალატზე ვისაუბრო, რადგან გუშინდელი ქმედება ზურგში დანის ჩარტყმაა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის“. – აღნიშნა მელიკოვმა.

დაღესტნის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტის ტექნიკა არ დაზიანებულა.