გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების საგეენტოს“ (MTA) ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანს, 2023-2024 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

FIS-ის დელეგატებმა გეგმური ინსპექტირება განახორციელეს კურორტებზე ინფრასტრუქტურისა და საშეჯიბრო ტრასების მიმართულებით, ხოლო Infront Sports & Media-ს წარმომადგენლებმა განსაზღვრეს ლოკაციები, საიდანაც უნდა მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე.

„ჩამოვედით გუდაურში, რათა მსოფლიო თასის ჩემპიონატისთვის ინსპექტირება ჩავატაროთ. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი მთა, კარგი ბუნებრივი მახასიათებლებით. ძალიან მოტივირებული გუნდი დაგვხვდა, იმისთვის რომ მსოფლიო თასები კარგად ჩავატაროთ. მოუთმენლად ველოდები როდის დავბრუნდები გუდაურში, რათა ვიმუშაო ამ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად“- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატმა, ნიკოლა ვოდრუმ.

„ეს არის ინფრონტის პირველი ვიზიტი გუდაურში, რათა შევარჩიოთ ადგილები. გარემო არაჩვეულებრივია, მოხარული ვარ აქ ყოფნით. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, „ემ თი ეისთან“ და ჯი ეს ეფთან ერთად. მოვიძიებთ არეალებს თუ სად შეიძლება დავაყენოთ კამერები, იმისთვის რომ მზად ვიყოთ თებერვლისთვის“, , – განაცხადა Infront Sports & Media-ს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, დიეგო ფავიერცანიმ.

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ბაკურიანი 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატს, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი ქროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

„2023- 2024 წლის ზამთრის სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ღონისძიების მიმართულებით დატვირთულია კალენდარი, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო დელეგატები იმყოფებიან, რათა შეაფასონ ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები. მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიური, შესაბამისად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის ეტაპებსაც ღირსეულად უმასპინძლებს“ – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.