ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატი ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის გზის გახსნის ინიციატივით გამოდის

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ დეპუტატი აცამაზ კასაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის გზის გახსნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამის შესახებ კაცაევმა ვლადიკავკაზში გამართულ „მრგვალ მაგიდაზე“ განაცხადა. ასევე აცამაზ კაცაევის თქმით, ახალგორის რაიონიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ხორცის გატანა ხდება, მაშინ როდესაც ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.

კაცაევის ამ ინიციატივას ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პეტრე გასიევი გამოეხმაურა, რომელმაც მას „კერძო ინიციატივა“ უწოდა.

„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, მაგრამ ისინი სახელმწიფოს წარმომადგენლები არ არიან “- განაცხადა გასიევმა.

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ახალგორიდან საქართველოში გზა მუდმივად უნდა გაიხსნას, რათა ადამიანებს თბილისში სამკურნალოდ წასვლა შეეძლოთ და საკუთარი ნათესავების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეთ.