ევროკავშირი არ დაუშვებს, ვლადიმირ პუტინმა თავი კომფორტულად იგრძნოს და გაანადგუროს ევროპის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესუსტდეს. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს, თავი კომფორტულად იგრძნოს და გაანადგუროს ევროპის უსაფრთხოება, რადგან ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა. ეს ომი მიმდინარეობს და ის ყოველთვის წინა პლანზე რჩება“, – აღნიშნა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უნდა შეიარაღდეს, რათა დაიცვას თავი და უპასუხოს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას – რამდენად ძლიერია მისი დემოკრატია ტოტალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად.
„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი დემოკრატიული მოდელები. ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა“, – დასძინა მან.
მისი თქმით, უკრაინის დატოვება მორალური და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.