,,ნაცები“ იძულებული გახდნენ, რომ რაღაც ერთი-ორი სიტყვა ეთქვათ, მაგრამ ისევ მიწყნარდებიან, რადგან მათ არ უნდათ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, მასთან წარსადგომი პირი არც აქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს გულწრფელი მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საკითხთან დაკავშირებით და ამ უფლებისთვის ყველა თანამოაზრესთან ერთად უნდა იბრძოდეს.
„პირველ რიგში, მინდა, სიხარული გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოფხიზლდა მას შემდეგ, რაც მე მოვუწოდე პაპუაშვილს, ჩემთვის დაეშვა შესაძლებლობა, რომ სააკაშვილთან შევსულიყავი და „ნაცებსაც“ მოვუწოდე, ამაში დამხმარებოდნენ. ეს სწორი გამოფხიზლებაა, მაგრამ არასაკმარისი. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს გულწრფელი ამ თემასთან დაკავშირებით და ცალყბად კი არ უნდა იბრძოდეს ამ უფლებისთვის, როგორც ახლა იბრძვიან, არამედ ყველა თანამოაზრესთან ერთად. ტელეკომპანია „მთავარზე“ ვიდრე დაბლოკილი ვარ, მანამდე როგორ დავიჯერო, რომ ხაბეიშვილს მართლა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან? მგონია, რომ სწორედ „ქოცები“ და „ნაცები“ არიან შეთანხმებულნი, რომ მიხეილ სააკაშვილი მარტო იყოს გამომწყვდეული და არავინ არ ხვდებოდეს. ამიტომ გავახმაურე ეს საქმე და „ნაცები“ იძულებული გახდნენ, რომ რაღაც ერთი-ორი სიტყვა ეთქვათ, მაგრამ ისევ მიაწყნარებენ, რადგან მათ არ უნდათ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. მასთან წარსადგომი პირი არც აქვთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, რა დისკომფორტი შეიძლება, შეუქმნას ხაბეიშვილმა პაპუაშვილს მუშაობაში, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ასეთს ვერაფერს ვერ ვიხსენებ. მგონია, რომ მიშას დროს კარგავენ ასეთი უაზრო განცხადებებით და იმ კაცს ცრუ იმედებს აძლევენ.“
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:„რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა, ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისავე ოთახში“.