იემენიდან ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა წითელ ზღვაში სამხედრო ხომალდები განათავსა.
IDF აცხადებს, რომ გემები 31 ოქტომბერს განლაგდნენ ვითარების შეფასების შესაბამისად აღნიშნულ რაიონში თავდაცვის გაძლიერების ფარგლებში.
გუშინ სამხედროებმა ისრაელში იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.