საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ დინამიურად და გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ გერმანიაში მიმიდნარე კონფერენციაზე ამ მიმართულებით ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს გერმანიაში მიმდინარე დისკუსიებში.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფებით გერმანიაში. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენმა ბერბოკს რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, გაფართოების პაკეტის მუშაობაზე და ევროკავშირის როლზე ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ვართ ამ დისკუსიების ნაწილი და ვართ მონაწილეები საინტერესო განხილვების, რომელიც გვექნება ამ მიმართულებით.
რეფორმების პროცესი არ არის ერთწლიანი ან ორწლიანი ფაზა. ეს მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, წლებს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად განახორციელოს, გააგრძელოს ყველა მიმართულებით რეფორმა. ჩვენც წლების განმავლობაში ამ ლოგიკით ვახორციელებდით რეფორმების დღის წესრიგს. ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, რათა საქართველოს 12 პუნქტის მიმართულებით ხელშესახები შედეგები ჰქონოდა. ეს ნაბიჯები გადავდგით და შესაბამისად, ჩვენ ვიცით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული სამუშაოები ჩაატარა ქვეყანამ. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ დინამიურად და მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებში ვმუშაობთ აქტიურად ორმხრივ ფორმატში, ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ, რომ ამ მიმართულებით ვისაუბროთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.