სააკაშვილს საჯარო განცხადებამდე კომუნიკაცია ჰქონდა თითქმის ყველა ადამიანთან და პირადად უთხოვია, რომ ახლა პარტიაში შიდა გარჩევების დრო არ არის და შიდა გარჩევები ყველამ უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ლოგიკური იყო.
„ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც უნდა ვუმსუბუქებდეთ პატიმრობას, მსგავს რაღაცაზე უწევს განცხადების გაკეთება. სააკაშვილს საჯარო განცხადებამდე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა თითქმის ყველა ადამიანთან და პირადად უთხოვია, რომ ახლა არ არის შიდა გარჩევების დრო, ყველამ უნდა დავივიწყოთ შიდა გარჩევები, ვკონცენტრირდეთ მთავარზე – „რუსული ოცნების“ დამარცხებაზე.
ვუსმენდი ბაჩო დოლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ ეთანხმება სააკაშვილის განცხადებას და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე სააკაშვილის განცხადებას თუ არ ეთანხმები, მაშინ საერთოდ რა გინდა ამ პარტიაში. თუ ვინმე არის ერთობის მომხრე, არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ასევე ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ პარტიის შიდა რყევა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება გარჩევები, ამას თავისი ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს. არ ვიცი, როგორი იქნება ლოგიკური დასასრული, არ ვიცი, ეს ადამიანები წავლენ თუ არა პარტიიდან. არ ვისურვებ, რომ წავიდნენ პარტიიდან, რადგან თითოეული მათგანი პარტიისთვის იქნება დანაკლისი და მე ვიცი, რას ნიშნავს ეს. ასევე, მიმაჩნია, რომ ამის ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს – ან ყველა დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაასწოროს ფოკუსი, ან ამ ფოკუსს თუ ვერ გაასწორებს, მაშინ, როგორც მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, მოისმინონ და ეს ყველაფერი გაიგონ. ნიკა მელიამ იცის, რომ გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. სამწუხაროდ, ამას ბოროტად იყენებს, რათა რაღაც შიდა გარჩევა მოაწყოს და, ხშირ შემთხვევაში, დააპირისპიროს ადამიანები, რომლებიც წლებია, გვერდიგვერდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას სასამართლო პროცესზე დღეს განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ“.