ღაზაში გაეროს მთავარი სააგენტოს – UNRWA ხელმძღვანელმა ფილიპ ლაზარინმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ღაზაში მათი საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა.
საწვავის გამოლევამ კი, მისივე თქმით, შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ UNRWA-მ მომდევნო დღეებში ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის თავისი სატვირთო მანქანების შეგზავნა ვეღარ მოახერხოს. ამის შესახებ CNN წერს.
„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, თუ რამდენად არის ახლა ეს მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებული საერთაშორისო ჰუმანიტარულ საზოგადოებაზე, რომელსაც აღარ შეუძლია მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ”, – თქვა ლაზარინმა და დასძინა: „შიმშილი ბრაზად იქცევა”.
CNN წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები საჯაროდ ამტკიცებენ, რომ „ჰამასი“ მისი სამხედრო ოპერაციებისთვის საწვავის მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობს, და რომ ის არ იყენებს მასალებს ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამჟამად არავინ ზრუნავს სამოქალაქო მოთხოვნილებებზე. საწვავთან დაკავშირებით, წარმოდგენა არ მაქვს რა სამხედრო გაძლიერებისთვის იყენებს „ჰამასი“ მას ღაზას სექტორში”, – თქვა ლაზარინმა.