,,ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა სრულად „ჰამასის“ მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ დღეს მხარდამჭერებს მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, „ჰეზბოლას“ ლიდერმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას „დიდი, კურთხეული ოპერაცია“ უწოდა. ჰასან ნასრალას თქმით, თავდასხმა სრულად „ჰამასის“ მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. როგორც მან აღნიშნა, „ჰეზბოლას“ არ აწუხებს, რომ ეს ოპერაცია საიდუმლოდ იყო შენახული, რადგან „მას ესმის ოპერაციის სიურპრიზად შენახვის საჭიროების“.

ნასრალას თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმამ პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია ისრაელში და ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ხოლო თავდასხმებმა ისრაელის სამხედრო სისუსტეები გამოავლინა.

„ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და სხვა ფრონტებზე დაკარგული სიცოცხლე იყო ღირსეული მსხვერპლი, რადგან მათ დააარსეს ისტორიული, ახალი ეტაპი კონფლიქტში“, – განაცხადა ნასრალამ.

როგორც „ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, შეერთებული შტატების მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ფლოტების გაგზავნა ისრაელის სისუსტეებისა და მოკავშირეებზე დამოკიდებულების გამოვლინებაა.