ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას, კრიშიანის კარინშს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგომ პირველად იმართება და ასევე ემთხვევა ღირშესანიშნავ თარიღს, საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

„მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხები და ხაზი გაუსვეს ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორულო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ლატვიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა.

აღინიშნა ლატვიასა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა და სანდო პარტნიორობა, რაც არაერთხელ გამოიხატა ლატვიის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების, პოლიტიკური კონსულტაციების გააქტიურების და მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობებით გათვალისწინებული დღის წესრიგის, ასევე საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის ერთიან ძალისხმევაში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივცე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა კრიშიანის კარინში საქართველოში მოიწვია.