აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ვიზიტების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ენტონი ბლინკენი ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, თურქეთს ორი დღით ეწვევა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის დროს ბლინკენი ხაზს გაუსვამს ისრაელსა და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობას.
თურქეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატო-ს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.
ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი დღეს იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც არაბული ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა. გუშინ კი, ისრაელში გამართა შეხვედრები და ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.