ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს – დმიტრო კულება

საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 2024 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ჩვენ არ ვხურავთ ამ საკითხს. უკრაინის პრეზიდენტი განიხილავს და აწონ-დაწონის სხვადასხვა დადებით და უარყოფით მხარეებს“ – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

კულებას ცნობით, ომის პირობებში არჩევნების გამართვა უპრეცედენტო გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის, ასევე ომში მყოფი სამხედროებისა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ საომარ მდგომარეობაში, კანონმდებლობით, არჩევნების ჩატარება სავალდებულო არ არის და მისი გადატანა შესაძლებელია. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ სურს.