მოლდოვაში გამართული მუნიციპალური არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ პოზიციები განიმტკიცა. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტიამ „მოქმედება და სამართლიანობა“ 32 რეგიონიდან 19-ში გაიმარჯვა, თუმცა, მმართველი ძალა ვერც ერთ რეგიონში ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებს.
ცესკო-ს მონაცემებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში პრორუსული სოციალისტური პარტია ლიდერობს, თუმცა მათ ხუთ რეგიონში პოზიციები დათმეს.
კიშინიოვის მერის პოსტი შეინარჩუნა იონ ჩაბანმა, რომელიც 2019 წლამდე დედაქალაქის საკრებულოში სოციალისტების ფრაქციას მეთაურობდა. მან არჩევნებში ხმების 50,62%-ი მიიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა. მმართველ პარტიაში ჩაბანს მოსკოვის მოკავშირედ მიიჩნევენ.
კიდევ ერთი პრორუსული პარტია „შანსი“ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე არჩევნებიდან მოხსნეს. ამის მიზეზად „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“ დასახელდა. მოლდოვის დაზვერვაში განაცხადეს, რომ გაშიფრეს სქემა, რომლითაც პარტია „შანსი“ საზღვარგარეთიდან და მათ შორის რუსეთიდან ფინანსდებოდა.
როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ამომრჩეველთა აქტივობამ 41,4%-ი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში 1,147 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.