თუ დასავლეთს ამ ომის მოგება არ შეუძლია, მაშინ რომელი ომის მოგება შეუძლია? – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად ზრდის საკუთარი შეიარაღების წარმოებას, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე.
„თუ დასავლეთს ამ ომის მოგება არ შეუძლია, მაშინ რომელი ომის მოგება შეუძლია? თუ ჩვენ ამ ომში არ გავიმარჯვებთ, ეს იქნება დიდი მარცხი მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა კულებამ.
მისივე განცხადებით, ევროპულ ქვეყნებს კარგად ესმით, თუ რა დევს სასწორზე.
„ოლაფ შოლცს მტკიცედ სჯერა უკრაინის და არ ეშინია პუტინის. თუმცა მას ამ დრომდე არ უთქვამს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს – ის სულ ამბობს, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს. გამარჯვებასა და არ დამარცხებას შორის დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.