საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა.
მისი განცხადებით, ეს იქნება ხმა ევროპისთვის.
მისი თქმით, 8 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.
„ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას, ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ.
არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ როგორც ვაპირებდით ხელმოწერების კამპანიას, რამე თუ რუსეთი, ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე, ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.