„მიმაჩნია, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უპასუხისმგებლოს“ და „არასერიოზულს“ უწოდებს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ მსჯელობას. როგორც ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ახლა უკრაინაში არჩევნების დრო არ არის.

მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნების გამართვა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის პირობებში, მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა საზოგადოებისთვის არჩევნების თემის გატანა. 

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ახლა დროა თავდაცვისა და ბრძოლისთვის, რაზეც დამოკიდებულია სახელმწიფოს და ხალხის ბედი და არა არჩევნების, რომელსაც მხოლოდ რუსეთი მოელის. მე ვთვლი, რომ ახლა არჩევნები უადგილოა“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის შიგნით დისკუსიები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.