სამშაბათს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და 8 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საღამოს 8 საათზე კონცერტიც იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსეთის “საოკუპაციო ძალების” მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო ის აღარ ჩატარდება. პარალელურად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხელმოწერებიც შეგროვდება.
„აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე.
ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინმსწრებად ვერ ისაუბრებს.
ამასთან, 6 ნოემბერს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც აქ 8 ნოემრამდე დარჩებიან. ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ისე მთავრობის წარმომადგენლებთან. ელჩები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პირველი შეხვედრა მათ უწყების ხელმძღვანელთან ილია დარჩიაშვილთან უკვე გამართეს. მთავარ საკითხს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატი და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნო.
12 რეკომენდაცია
2022 წელს საქართველოს ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა ევროკომისიისგან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს:
პოლიტიკურ პოლარიზაციის აღმოფხვრა;
ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას;
გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს;
აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის” ვალდებულებას;
გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე;
შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს;
სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს;
გააერთიანებს ძალისხმევას გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში „ყველა დონეზე”;
მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები”;
ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი;
როგორც 6 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ. როგორც პაპუაშვილმა თქვა, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად არც მოლდოვას და არც უკრაინის შემთხვევაში არ ჩაითვლება.
რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ იმ დროისთვის, სრულად მხოლოდ სამი რეკომენდაცია იყო შესრულებული.
სექტემბერშივე ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ სამი რეკომენდაცია შეასრულა.
შესრულებულად ჩათვლილი სამი რეკომენდაციაა – დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობა; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. დანარჩენში პროგრესი ან ნაწილობრივად არის მიღწეული, ან საერთოდ არ არის.
რა შეიცვალა ერთ წელიწადში
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, ევროპული პერსპექტივის მონიჭებიდან ევროკომისიის ნოემბრის დასკვნამდე მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უფრო კარგად გაერკვნენ. იგი იმედოვნებს, რომ სტატუსს მოგვცემენ, ოღონდ დათქმებით რაც ნიშნავს, რომ „ხელისუფლებამ დავალება ამჯერადაც არ შეასრულა”.
„თავის დროზე, როცა მოლდოვას და უკრაინას სტატუსი მიანიჭეს, ეს პოლიტიკიური გადაწყვეტილება იყო. მაშინ რომ საქართველოს ხელისუფლებას ისეთი განცხადებები არ გაეკეძთებინა, რაც კოჯორში 2022 წლის 24 თებერვალს პრემიერმა გააკეთა, შემდეგ კი ეს პროცესი არ გაეგრძელებინათ, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩვენც მოვხვდებოდით და სტატუსს მივიღებდით. თუმცაღა საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის კრიტიკა გააგრძელა და ლამის უკრაინა რუსეთთან ომში დაადანაშაულა.
„შესაბამისად, სტატუსი აღარ მოგვცეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინას და მოდოვას დარჩა. ამ ერთი წლის განმავლობაში ის კი არ მოხდა, რომ ხელისუფლება გამოსწორდა, ან 12 პუნქტი შეასრულა, არამედ ჩვენმა პარტნიორებმა არსებული პოლიტიკური ვითარება გაითვალისწინეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
„გაითვალისწინეს ის, თუ სტატუსის არმოცემას რა პოლიტიკური გაგრძელება მოჰყვება და როგორ შეიძლება ეს გამოყენებულ იქნას იგივე რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, 12 პუნქტი შეაფასეს, რომელიც ხელისუფლებას რეალურად არ შეუსრულებია. რამდენიმე პუნქტი შეასრულა და დანარჩენი ან არ შეასრულა, ან გადადო. ამასთან, ჩვენმა პარტნიორებმა გაითვალისწინეს ქართული საოზგადოების მოთხოვნა, რომ თუ „ოცნების” გამო სტატუსი არ მოგვენიჭება, მოსახლეობა იჩაგრება, რომლის 80%-ს ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული, ამას კი რუსული პროპაგანდა თავის შეიარაღებაში აიღებს.
„ამიტომაც ვითხოვეთ, რომ ამჯერადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და მიუხედავად იმისა, თუ რა შესრულდა და რა არა, სტატუსი მოგვცენ. „ოცნებას” ოპოზიციის გარეშე შეუძლია ერთ კვირაში მთელი ეს 12 პუქნტი შეასრულოს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც მას უნდა. დასავლეთმა ქართულ პოლიტიკაში და სინამდვილეში უფრო ახლოს ჩაიხედა. მოლოდინი მაქვს სწორედ ისეთი, რომ სტატუსს მივიღებთ, ოღონდ დათქმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც არ შეასრულა საშინაო დავალება”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება უკვე საკმაოდ რელურია, იღბლიანობას მიაწერს.
„იღბლიანები ვართ და ეს ბრძოლაზე ნაკლები პლიუსი კი არაა. შეიძლება არაფერი არ გვქონდეს საიმისოდ გაკეთებული, რომ გაგვემარჯვა, მაგრამ ისე დატრიალდება მდგომარება, რომ გამარჯვებულები აღმოვჩნდებით ხოლმე. ასეთი სიტუაცია გვაქვს კანდიდატობის ამბავზეც – მსოფლიოში ინტერესები ისე დალაგდა, რომ ჩვენ უკეთეს პირობებში აღმოვჩნდით, ვიდრე ვვარაუდობდით.
„ალბათ ხელისუფლებამაც 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისითაც ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოინდომა, რადგან არც მას ჰქონდა არანაირი გარანტია, რომ დასავლეთი ჩვენს კანდიდატობას ასე მკაფიოდ დათანხმდებოდა (თუმცა, ყველაფერი მაინც ევროკომისიის დასკვნაში გამოჩნდება). თუმცაღა, მეორეს მხრივ, იყო საკითხები, რომელზედაც საქართველომ ფეხი აითრია – მოსამართლეთა კორპუსის თემაში, თუ მთელ რიგ სხვა საკითხებში.
„უკრაინას კანდიდატის სტატუსი რეალურად ომის გამო მისცეს. ჩვენ არც ომში არ ჩავებით და ჩვენს კანდიდატობაზე ლაპარაკი მაინც არის. დავაფასოთ, რომ შეიძლება იგივე გზა ისე გავიაროთ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვქონდეს. ეს იღბლიანობა ადრეც გვქონდა შორეულ ისტორიაში, როცა ჩვენი დამპყრობელი თავად აღმოჩნდა დაპყრობილი”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“.