სტაჟიანმა “ქოცმა”, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ევროკავშირის ე. წ. კანდიდატის სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს დღეს განუცხადა:
“ძირითადად შესრულებულია რეკომენდაციები და სხვა ბევრი მაჩვენებელი არსებობს, რაც განაპირობებს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის ჭრილში. ვფიქრობ, მართლმსაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ იყოს შენიშვნები, რადგან შესანიშნავად მუშაობს ეს სტრუქტურა, თუმცა, „ნაცმოძრაობის” საბოტაჟი, რომ არჩეულ იქნას თავმჯდომარე და წევრები, არ უნდა განაპირობებდეს ევროკავშირის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. კორუფციასთან ბრძოლის თემის მიმართულებით საკმაოდ მძლავრად ვართ და არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც შეიძლება არ ვილაპარაკოთ სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ამ რეკომენდაციების გარდა, არსებობს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციების გამოქვეყნებული მაჩვენებლები, სადაც ბევრ ევროპულ ქვეყანას და კანდიდატთა მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ, რაც უნდა გიხაროდეთ წესით”;
„თუ კრიტიკა იქნა და საკითხები იქნა წამოწეული, იცით რა არის – არ უნდა შეგვეშალოს და ძალიან კონკრეტულად უნდა გავყოთ და ხაზი გავავლოთ, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია გარკვეული შექმნილი ვითარება და ამ ვითარებიდან გამომდინარე, ესა თუ ის ნაბიჯი არ უნდა იქნას განხილული, როგორც საბოლოოდ გაკეთებული, წერტილდასმული რეფორმა. ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და რა სტრატეგიასაც მივსდევთ, ის არის მისაღები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველგვარი სარკაზმის გარეშე – არა ცალ ფეხზე ხტუნაობა და ქედის მოხრა. თავად ევროკავშირის შიგნით არსებობს პოზიციათა მწვავე დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ ვილაპარაკოთ კრიზისზე ევროკავშირის შიგნით, პირიქით, ეს ნორმალური, ცოცხალი პროცესია და ამაში გასაკვირი არც უნდა იყოს არაფერი,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.