,,როიტერის“ ცნობით, ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აქვს რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებითაც შესაძლებელია, დარტყმები მიიტანოს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებულ ამერიკულ გემებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, გასულ კვირას „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მათ გააჩნიათ მარაგში შეიარაღება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამერიკული გემების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
როგორც „როიტერთან“ საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, ნასრალას მხედველობაში ჰქონდა რუსული რაკეტები „იახონტი“, რომლებითაც სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი. სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „ჰეზბოლამ“ აღნიშნული რაკეტები სირიაში შეისყიდა.
„როიტერის“ ცნობით, რუსული რაკეტების გარდა, ლიბანურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ სხვა ტიპის რაკეტებიც აქვს.
ამასთან, კრემლში განაცხადეს, რომ არ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ რუსეთში წარმოებული რაკეტები გააჩნია.
შეგახსენებთ, 3 ნოემბერს „ჰეზბოლას“ ლიდერმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაზე, თუმცა ამ ქმედებებს მხარს უჭერს. ნასრალას თქმით, „ჰეზბოლა“ უკვე შეუერთდა პალესტინელებს და იერიშებს ახორციელებს ისრაელის არმიაზე, თუმცა „ჰეზბოლას“ სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე მას არ უსაუბრია.