სომხეთში აცხადებენ, რომ აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდება

აშშ-ს და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხეთის გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„სომხეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა არის საკმაოდ მყარი და ის გაგრძელდება“, – განუცხადა ასრიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს არის როგორც სასწავლო, ასევე სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.

ცნობისთვის, სომხეთის მიერ რამდენიმე თვის წინ აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილებამ მოსკოვში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვებასაც კი აპირებს.